შენ დაგელოდე... შენ არ მოხვედი...
ჩამესმის შენი სველი მოთქმა-გოდება, ჩამესმის შენი მოსვლის ხმაური, ჩამესმის ლოცვა გულის ბუხარზე სადად გამთბარი, ყოველი დღის დილას, საღამოს. ჩამესმის შენი ნამღერი ძილი. შენი მერქვა და შენი არ ვიყავ, ”შენთან” მერქვა და შენთან არ ვიდექ... ცხრა ნაჩუქარი სიცოცხლე ვხარჯე, ვთესე სიკეთე... თვალი მოვირწყე ცრემლების სურით. ჰო, შაოსანო, წავედი კიდეც, თუმცა უკან ვეღარ დავბრუნდი.
წვიმა ვიყავ და არ დამისველდნენ წვიმის ბარტყები, ქარი ვიყავ და არ მერქვა ქარი, ცრემლი ვიყავ და არ მიტირეს ქუთუთოებქვეშ, ბავშვი ვიყავ და ძუნწი ღიმილით ამცდნენ შარაზე - ასე დამკარგეს. მზე ვიყავი და მოიჩრდილეს ჯიბრიანად ცხელი შუბლები.
სამაგიეროდ... მიწა ვიყავ და მიწად ვიქეცი. დე, ნუ იტირებ, ჩემთან, ზეცაში, არ დამტოვებენ უპატიებელს. |