სევდის ბაღს შეველ შენაღონები: მოკრეფად მსურდა ვარდის კონები. ვარდმან შემრისხა თავ-მომწონები, ისარი მყორცა დასამონები, სრულად მიმიღო ყოვლი ღონები; მითხრა: „იფიქრე გულს-ნაქონები; მისთვის იქმნები დასაყოვნები!" ვერ მივხვდი მახვილ-განაწონები ; მისთვის შევიქმენ ცრემლთა ფონები!
იასა ვჰკითხე, - მუნ იდგა ნაზი: „ვარდსა რა ვუქმენ კართა სარაზი? „ამაყად მწყრალი ვნახე ლამაზი!" მანცა გამაგდო: „გარეგან - გაზი, „შენგან გვაჩნია გულებსა ხაზი! „სიხარულიდამ დაბლა კერძ დაზი! „შენს გულსა ჰკითხე, მიაპყარ გაზი! „შენის გონებით იქნები რაზი: „ჩვენ დაგვთმეო და სხვას ემონები!"
რა ია გამიწყრა, ნარგიზს მივმართე, სისხლის ცრემლითა სიტყვანი დავრთე; ვეუბნებოდი: „შენ წარმიმართე იწროს გზის პოვნად! გზები გაქვს ფართე! ჩემსა ნუგეშსა ხელი შემართე: ვარდს მამუდარე, ალერსი ჩართე. შავ-გულსა ლხინი შენ მოუსართე. შემომითვალოს, რა უკუღმართე? რად მომიგონა მოუგონები?" |