ცისა ფერს, ლურჯსა ფერს, პირველად ქმნილსა ფერს და არ ამქვეყნიურს, სიყრმითგან ვეტრფოდი.
და ახლაც, როს სისხლი მაქვს გაციებული, ვფიცავ მე – არ ვეტრფო არ ოდენ ფერსა სხვას.
თვალებში მშვენიერს, ვეტრფი მე ცისა ფერს; მოსრული იგი ცით გამოკრთის სიამით.
ფიქრი მე სანატრი მიმიწევს ცისა ქედს, რომ ეშხით დამდნარი შევერთო ლურჯსა ფერს.
მოვკვდები – ვერ ვნახავ ცრემლსა მე მშობლიურს,- მის მაცვლად ცა ლურჯი დამაფრქვევს ცვარს ციურს! სამარეს ჩემსა როს გარს ნისლი მოეცვას,- იგიცა შესწიროს ციაგმა ლურჯსა ცას!
|