ქარმა გამომწვევად ცაცხვებს ჩაუქროლა და ერთ ლამაზ ფოთოლს გული აუთრთოლა. „წამო, გაგიტაცებ, ცხრა მთას მოგატარებ მერე მოგიყვან და დედას ჩაგაბარებ." ფოთოლს ამის მეტი არა გაუგია, გრძნობით ანთებულმა თავი დაუქნია. ქარმაც სიყვარული აღარ გააცია გრძნობის ქარიშხალში უმალ გაახვია. ახლაც აფარფატებს, ალბათ, ლამაზ ფოთოლს, თავსაც შეახსენებს, ალბათ, წარა-მარა, მერე მიატოვებს სადმე ქუჩის ბოლოს ქურთი მეეზოვის ცოცხის ანაბარა. მაღლა ავიხედე ცაცხვი იცინოდა, მან ხომ საიდუმლო ქარის არ იცოდა... |