ო, რა მარტოა, ღმერთო ჩემო, ადამიანი, ისიც, რომელიც თითქოს ქვეყნად არ არის მარტო, სამგლოვიარო რიტუალმა გადაიარა და შენ იკავებ შენთვის მკაცრად მოზომილ ფართობს. ყველაზე ერთგულს და ყველაზე უფრო ახლობელს გაჰყვება შენი ნიღაბივით ჩამქრალი სახე, და ახსოვს, რადგან სახე მუდამ უნდა ახსოვდეს გარდაცვლილისაც — ნაკვთებში რომ იგროვებს ნაღველს... აჰა, მურდალი ბედისწერის ნამოქმედარი, მან სისაძაგლე ჩაიდინა, როგორც გმირობა, ის მთელი ღამე ცხენზე იჯდა, — უნდო მხედარი, მერე ელოდა ცრემლს, სინანულს და... გულგრილობას! ო, რა მარტოა, ღმერთო ჩემო, ადამიანი, ისიც, რომელიც არ ამხელდა ამ მარტოობას, უკვე დაკრძალვის რიტუალმაც გადაიარა, ბედისწერა კი მაინც ახვევს ქსელს, ვით ობობა და მოჰყავს თოვლი! ავანსცენას ანათებს თოვლი! შუაღამისას აფენს საფლავს მაღალ ფარაჯას... რადგან მარტომყოფს უსათუოდ სჭირდება ტოლი, თავსასთუმალთან რომ მიუწვეს ერთგულ დარაჯად... |