რაში გჭირდები მე, ტრფობის ხამი.
შენ მიღალატებ - მეც გაგიწყრები.
დაგავიწყდება ის ტკბობის ჟამი
და მეც სულ ისე დაგავიწყდები.
დავლევ, დავთვრები ბრაზმორეული.
წარსული ახლა ჩემი მტერია.
საიდანღაც კი ხმა შორეული
წამიჩურჩულებს: - არაფერია!
რაში გჭირდება ღატაკი, ლოთი.
შენი ცხოვრება ახლად იწყება.
და ერთი გიჟი, სულელი, შფოთი...
ისე, უბრალოდ დაგავიწყდება.
-შენი დრო მორჩა, როგორც უყურებ,
-მეტყვი, --ახლა კი ჩემი ჯერია.
გამიკვირდება, ჩავიბუტბუტებ:
-განა ეს მართლა არაფერია?!
დეკემბერია, გული თოვლს ითხოვს...
შენ გათხოვდები - მეც გაგიწყრები.
დაგავიწყდება იანვრის სითბოც
და მეც სულ ისე დაგავიწყდები.