მოდი და ამაწრიალე, მოდი, დამრეკე ზარებად. მოდი, წავიდეთ თრიალეთს, დრო მოვა, დაგვეზარება. წამო, შემახე შენაქოს, ბუდე მაჩვენე არწივთა. მოდი, სანამ შენს ვენახში მტევანს სხვა ქარი დაწყვიტავს. მოდი, ვეახლოთ გაზაფხულს გაღეღილ გულისპირითა. სურვილით დაღლილ-დაზაფრულს ცვარს გასმევ ღრუბლის პირიდან. მოდი, სიყვარულს მინდორში გვირილა თმაში ჩავუწნათ. და მოლოდინის ბინდ-ბუნდში სიყვარულს ფერხთით დავუწვეთ. ცას მოსწყდა ღრუბლის რბილი თმა, ერთ ფთილას თავთით დავიფენ, მერე, მე, შენ და გვირილა თავს დავეკარგოთ სამივე |