|
მთელი სამყარო ჩვენ შორის...
ცა, ზღვა და ოკეანე...
ადამიანები და სახლები,
გზები და გზაჯვარედინები,
ტყეები, ცხოველები და ფრინველები,
შენ _ დღე, მე _ ღამე...
მერე _ პირიქით...
გადავცვალეთ...
გამოვცვალეთ
ჩამქრალი ნათურები მზეზე...
ახლა ყველა ანათებს დ ათბობს...
ჩემი მზე _ მწველი და ცხელი...
შენი მზე _ მწველი და გრილი...
შუაში _ მთელი სამყარო,
ჩვენ _ გაღმა-გამოღმა...
უთხარი მზეს, ამოვიდეს და აღარ ჩავიდეს...
სულ ენთოს...
ჩემთან _ მზე... შენთან _ მთვარე...
მერე _ პირიქით...
სულ ანთია...
დღე და ღამე ერთად არის,
მზე და მთვარე ერთად არის...
რადგან ჩვენ ერთი ვართ,
დროებით გაყოფილი...
არა... დროით გაყოფილი...
არა... სივრცით გაყოფილი...
სულაც: გაუყოფელი...
ჩვენ არ ვიყოფით...
ნუ ცდილობ, ჩემში შენი თავი მოკლა,
ხომ ხედავ, არ გამოგდის!
ჩვენ შორის ცები, ზღვები და ოკეანე...
და როცა პირისპირ დავრჩებით
ჩვენ შორის იქნება საკუთარი თავები,
რომელთა გარეშე უკეთ ვხედავთ ერთმანეთს...
მოგვიწევს, თავი დავივიწყოთ...
თავი დავკარგოთ... ისე, რომ
შენი თავი მე ვიპოვო და
ჩემი _ შენ...
მე გწერ: თავს გაუფრთხილდი...
შენ მწერ: თავი გამიფრთხილდეს...
მე გწერ: თავზეხელაღებული ხარ...
შენ: არ ვიცი, ჯერ რას მომწერ...
სიტყვებით გადავებით,
სიტყვები გადავაბი
და ახლა მოვყვები შენკენ...
როცა შენამდე მოვალ, მითხარი.
|