წამოდი მთაში.ოღროჩოღროს გავუყვეთ ბილიკს მძიმე ჩანთასაც ჩამოგართმევ,მხრებით ვატარებ მთაზე შეკიდულ კარკუჩსა და ქოზეფას ერთად უუნაგირო წითელ ლაფშით შემოგატარებ. აქ სულ სხვა ცაა,თვალებს ამ ცით ევსებათ ფსკერი, მყინვარზე მორცხვი მაყრებივით სხედან ღრუბლები, ამოანათებს მზე საცაა,დააჭერს სიცხე და კავკასიონს დაატყდება თოვლის ხუნდები. ღამის პირს ისე აცივდება,გაგვილის ძვლებშიც, შეაყმუვლებენ მარტოობას მთვარეს ტურები. ასეა თურმე, ობლდებიან ხშირად სოფლები და ენატრებათ ახლობელი შორი სტუმრები. ცეცხლთან მოხევე გარმონივით გაწელავს ზღაპრებს, აქ სიზმრებიდან გადმოდიან ცხადში დევები. გაიტაცებენ თაფლისთვალა ვინმე ეშხიანს, გააჭენებენ ბედაურებს ფიცხი მდევრები. შუაღამისას ძილი თვალზე ფრთხილად გაკოცებს, ცეცხლს ჩაანავლებს-თითქოს საქმეს იმარტივებდეს... წამოდი მთაში, წამომყევი სადაც ზღაპრიდან თითქმის სულ ერთი ნაბიჯია სინამდვილემდე. |