მოდი და მესროლე... ჩვენსავით თავხედი სიტყვები ამოწვი გაბიდნულ ჰაერში, და მერე ღამეებს, (პოეტთა ჭრილობებს) ბოროტი ფორტუნა ჩვენ ორზე დაგეშავს. ჩვენს კვალს იპოვნის და ნატერფალს იყნოსავს, შორი მანძილიდან სიჩქარეს იმატებს, დააღებს ხახას და სისხლიან კბილებით სტროფებად, გულიდან ამოგვკბეჩს სიმართლეს... სიწითლე, დაღვრილი წებოვან ტკივილად, რატომღაც მამშვიდებს, სიწმინდე მინდება, და მერე ბავშვივით ბოლომდე მახარებს თეთრი ჩურჩხელებით სავსე დაბინდება... ადგილებს მოვადნობ ყინულზე თითებით, დავხატავ ყველაზ მყუდრო და ლამაზ სახლს, დავსხდებით - შენ გაზეთს გაზეთზე გაფურცლავ, მე მოვქსოვ, და ასე, შევხვდებით იმ ასაკს, როდესაც ძარღვებში სისხლიც კი ისვენებს, როდესაც სიხარულს სიჩუმე განიჭებს, როდესაც იზომავ შენს კუთვნილ მიწას და ბავშვივით უყვავებ შენს ძვალთა სამიწეს... ეს მერე, ახლა კი მოდი და მესროლე, მესროლე ტკივილის ვნებები სიტყვებად, რომ ერთად გავფლანგო, ამ ერთადერთ ლექსზე მერე, კვლავ ულექსო დღეები იწყება... |