გუშინ საღამოს თურმე მეჯლისზე ამბავი მოხდა უმაგალითო : ქალი მისულა უყელსაბამო, უბრილიანტო, უმარგალიტო,
უმანქანო და უმდიდრულქურქო, უსაყურო და უსამაჯურო, უქმრო, უშვილო და უღიმილო, უჯამაგირო, უსამსახურო. . .
მისულა ქალი მაღალ დარბაზში და არხეინი შეძრულა ხალხი : ცისფერ-ვარდისფერ მათს გარემოში კაბა ქალისა შეჭრილა თალხი.
მერე ისეთი რამე მომხდარა, კინაღამ ყველა გადარეულა : ქალს დიდი ცრემლი ჩამოჰვარდნია და ცრემლი კაცად გადაქცეულა.
ქალს დაუწყია ცრემლკაცთან ცეკვა და კაცის მკერდზე დაუდევს თავი. . . ქალს ეცვა კაბა, როგორც ვთქვით, თალხი და კაცსაც სცმია სამოსი შავი.
გაშეშებული მდგარა სუყველა. . . გაშტერებოდა სუყველას თვალი, ლამაზი იყო სანახაობა : როგორ ცეკვავდა ცრემლკაცთან ქალი.
ისე ლამაზი, ისე ლამაზი. . . წამოუვიდა ყველას ცრემლები. . . გაქრა დარბაზი და ირგვლივ გაჩნდა აყვავებული თეთრად ტყემლები. . .
და ყვავილების იმ თეთრ ღრუბელში ცეკვით აფრინდა ის წყვილი თალხი. . . ძირს დარჩა უცებ დაბრძენებული უწინ ცრემლების არმცოდნე ხალხი. |