სანამდე ვიარო უშენოდ შარახევს, ერთურთი შორიდან სანამდე ვახელოთ, შენს სურნელს ინახავს თმები და თითები შენ ხელშენავლები პერანგის საყელო... დავალ და უშენოდ დავთელავ მაყვლიანს, ნაეკლში ტკივილი ლექსებად მოჟონავს, წუწკ თვალს მაყოლებენ კაცები ავყია, ქალები ჩუმ-ჩუმად მაყრიან ქოქოლას... დავალ და დამყვება შური და ქილიკი, რითმებით საშენო წინდებს ვქსოვ შიბიანს, მერცხლებმა იციან შენ გზა და ბილიკი, ლექსებს და ოცნებებს აქ სულ სხვა ხიბლი აქვს... შენ ნაალერსევი ქალ ვიყო წაწალი, ან შენი ცელის ფხით ნაკაწრი ქვა ვიყო, დააგდე ხევდახევ მგლის კვალზე წანწალი, არაგვზე სასთუმლად ნისლები დავიგოთ... ამოდი, მავანთ და მავანთა ვინ ჰკითხავს, ბედისას არ ვიტყვი აუგს და საყვედურს, შიგნიდან გავტყდები სიმაგრე სიპისა, დაგიხსნი სულყველა კლიტეს და საკეტურს... არაგვზე სასთუმლად დავიგოთ ნისლები, ლექსებს და ოცნებებს არ ჰქონდეს ნაპირი, შენ ნაალერსები წაწალი ვიქნები, შენი სულისა და ოცნების ნაწილი... |