ჩემსავე აბურდულ ნაწნავში გავები ჩრჩილმა გამომიხრა ჭრელი გამაშები მე დედოფალა ვარ დათხრილი თვალებით თქვენ კი დიდობანას მეთამაშებით...
წლები? რა წლებია... მე არა ვბერდები! უბრალოდ თვალები დამთხარეს ბავშვებმა და სულაც არ მინდა ვუყურო სამყაროს ფერადი სიზმრების მიწაზე დაშვებას.
მე არ ვნაოჭდები, თქვენსავით არ ვკვდები ცხვირზე გამიცვდება ჭორფლები უბრალოდ და მერე რა მოხდა თუკი პატარები თითებს დამამტვრევენ, გამხდიან უგვანოდ.
არ მტკივა.. ტკივილი ვერ იგნებს გულს ვატარებ საათებს ფიქრების დაღლაში, სადღაც, რომელიღაც კუთხეში მიგდებულს საერთოდ ვერ მხიბლავს დიდების თამაში
დამღლიან ხელები, ნაზი ან უხეში ასფალტზე მათრევენ დახრილი მკლავები დათხრილი თვალებით ვიფიქრებ კუთხეში საკუთარ ნაწნავში თუ აღარ გავები. |