გაივსო გული, ადგილები შეზღუდულია, ვერა ბატონო, რა აზრი აქვს შეგიშვა ახლა. ყოველი ძარღვი უსასყიდლოდ გაყიდულია, გადაიტვირთა და დაეტყო სიცივით დაღლა. არითმიულად დატრიალდა ეკრანზე ფირი, მოჩანს გულიდან მაყურებლის თვალები ფართო, განვლილმა წლებმა გააცოცხლა ყოველი გმირი, შენდობის მთხოვნელს, ახლა უნდა დარჩენა მარტო. დატოვეთ იგი, სიმსუბუქე სჭირდება ძარღვებს, გაცემული აქვს ყველა სითბო და სისხლის წვეთი. უსიყვარულოდ რას გაუძლებს დარჩენილ დარდებს, დატოვეთ იგი, მასში უნდა დასახლდეს ღმერთი. დატოვეთ გული, მას არ ძალუძს გაგიძლოთ ყველას, არავის გესმით? სად წაგიღოთ ასე ფიქრებმა, წადით, გაშორდით ასე შეძლებთ ახლა მის შველას, დატოვეთ გული გაგრძელება აღარ იქნება. |