მზემოჭრილ ციდან ჩაიწრიტა ბოლო სხივი და
გვირილას სკვნილზე ლოცვას ვმარცვლავ, ცოდვით დაღლილი,
ყველა "ვუყ-ვარ-ვარ”-ს ხელისგულით მზესთან მივიტან,
,,არ ვუყვარსვარ”-ს კი ამ ლოცვაში არ აქვს ადგილი.
ღამე ნახევარ დედამიწას შემოეტმასნა,
უხილავადაც მწამხარ, (ვიცი ღმერთი არ მიწყენს),
ისე მიგიღე იდუმალი, როგორც ხელდასხმა,
რომ მონატრება წარსულივით გადამავიწყე.
ახალი მთვარე, როგორც ახალნაორსულარი,
ღამის ბილიკებს გაუნათებს, ოღონდ ვის რამდენს
ამას თვითონ წყვეტს… და თუ დარჩა იმის უნარი,
რომ გადაგვკარგოს ერთმანეთში უკუნისამდე.
ოცდაცამეტჯერ ჩამოვმარცვლე ლოცვად – ,,ვუყვარვარ’’,
,,არ ვუყვარვარ” კი აპოკრიფულ ტექსტივით დავგმე,
რაც ამ თვალებში სიკეთეა, მომცა უფალმა
და მარცვალ-მარცვალ, – ხელისგულით შენს ხატთან ვაკმევ.
სულში დაორთქლილ სუნთქვის სურნელს ვიზოგავ მძაფრად,
ეს ლოცვაც ერთად ვიჩურჩულოთ ასე ჯობია,
სიშორე, – შენი სინონიმი (საშინლად) მზაფრავს,
უშენობა კი გადამექცა უკვე ფობიად…!
მზემოჭრილ ციდან ჩაიწრიტა ბოლო სხივი და
ყველა "ვუყ-ვარ-ვარ”-ს ხელისგულით მზეთან მივიტან!!!…