ხომ არ ვბერდებით, სიყვარულო, შენი სათავე ხომ არ ჩაკეტეს ზამთრის ზვავებმა? ეს რა უცნაურ აღლუმს მართავენ, რას გუგუნებენ გაუთავებლად?
ხომ არ ვბერდებით, სიყვარულო, შენი დინება ამ ზვავებს შორის მიიმდოვრება, ხან მოვარდება, ხან იყინება და ასე მიდის მთელი ცხოვრება.
ხან მწყალობელო, ხან გულუხვო, ხანაც უწყალოვ, გულს შენი ნატვრა არა სცილდება... თვალებზეც ბოლო ორი კურცხალი მხოლოდ შენს გამო აციმციმდება.
სხვა არაფერი. რას მივდიო, რას გავეტირო, რისთვის ღირს ცრემლი, ოხვრა, გოდება? თუ ვარ, შენით ვარ გულდაწყვეტილი, ძნელია შენთან დამშვიდობება.
ხომ არ ვბერდებით, სიყვარულო, ცხოვრების ბურუსს შენი სინათლე თუ ვერ დაფლითავს- რადღა მეძახი დაუსრულებლად, ხელს რადღა მიწვდი მაგ სინათლიდან? |