შეყვარებულები არ ითმენენ, რომ მიწას, სადაც ისინი დააბიჯებენ, სხვადასხვა ქვეყანა ერქვას. ჩვენ კი, ისიც გვანუგეშებს, როცა ფეხქვეშ ვგრძნობთ, მიწას, რომელიც არასოდეს გვაყვედრის სქესს და ნაბიჯებს სხვადასხვა ქვეყნად სახელდებული ქალაქების ქვაფენილებზე და თანახმაა, დაყონ, აზომონ, გაყიდონ და გაასაჩუქრონ, იფერებს სახელს, საზღვრებს და დროშებს, რაც შეყვარებულებს არ ადარდებთ, მაგრამ ჩვენ, ამ საზღვრებში, დროშისა და სახელის გასწვრივ, ვპოვებთ სიმშვიდეს, სიმყარეს და თავდაჯერებას... შეყვარებულები არ ითმენენ, რომ პაემანზე ძველი კაბით გაისეირნონ, დღეგამოშვებით იცვლიან თმის ფერს და წვიმაში თავდავიწყებით ილუმპებიან. ჩვენ კი მივყვებით სეზონების მონაცვლეობას და ხანგამოშვებით აღვნიშნავთ, რომ რაც დრო გადის, თითქოს უფრო სწრაფად ტრიალებს მიწა, რომელსაც ვგრძნობთ ფეხქვეშ და გვეშინია, ხელიდან არ გამოგვეცალოს... |