|
ტაატით...ღელვით... ტაატით...ღელვით... ზევით და ქვევით.. ზევით და ქვევით... ძაღლების ქელვით, ვხედავ ქარავანს მარაოს ქნევით... უკიდეგანო ქვიშების თელვით. ტაატით ნელით.. ტაატით ნელით... ჩილიმის ბოლით ზურნით და დოლით გვიახლოვდება უდაბნოს ველი და როგორც გველი, მოცოცავს ბებერ აქლემთა ჯაჭვი ტაატით ნელით... ჩადრების ფრენით შემოგაწვება ოფლიან ტანზე სიფიცხე წრფელი... სულში გაგიწრთობს ყველა ვნებას ასული ცხელი, მზერას მოგარტყავს, როგორც მათრახს გარუჯულ ხელით და სულის ბერვით მზით გახვითქულს დაიცხრობს გულ-მკერდს, თანაც ირიბად მთაქვიშების ჰორიზონტს უმზერს.. თვალებს მიაპყრობს, არ აშორებს უდაბნოს უმ მზეს და ელოდება დაღამებას.... მიგიწვევს კარვად... გაჩვენებს თეძოს გაუხედნავს, ძუძუებს ქარვად... გაგასილაქებს ნაწნავებით და ლოშნით დაგღლის, აქლემის ქონით დაგიზილავს კუნთებს და ძარღვებს და თავის ნაცვლად მოგათხოვებს უდაბურ ღამეს... გაღვიძებისას მრავალ ჩადრში დაუწყებ ძებნას ნაცნობ არომატს, დაუვიწყარ სხეულთა ხვევნას და ვერ იპოვნი, რადგან ქვიშა აგივსებს თვალებს, დაწყევლი მასთან გატარებულ სიზმარულ ღამეს ტაატით ნელით... ზევით და ქვევით... არ გათავდება ქარავნის გზები, თრიაქის ყლაპვა, ქვიშები, ზღვები, აღემართება ტალღების ჯერი და დაფეთდება ცა-ოქროსფერი... მოვა ზმანება დაბინდული ფიქრების წელვით, რასაც დააცხრობს ბებრუხანა სიმღერით ძველით. აიმართება ქარავანი ღიღინით ნელით და გაიშლება მელოდია უდაბნოს თელვით ტაატით...ღელვით... დადგება ღამე, ცა მიიკრავს ქმარივით მთვარეს, კოცონის პირას ბევრს მოისმენს საგმირო ამბავს, უეცრად წელზე შემოგაჭდობს ის ქალი მკლავებს, მზისგან დახეთქილ ბაგეებსაც კოცნებით დაგბანს, ისევ უთქმელად, ბასრი მზერით განიშნებს რამეს, წამოვარდება , ვით უჯიშო დაიწყებს ცეკვას, აიტალღება, აიშლება, დაირას დასცხებს, ველურ თვალები სათითაოდ დაიწყებს ჭერას, გაითანგება, გაფითრდება, საღერღელს აშლის და ცხელ სილაში ტანშიშველი ხვლიკივით გაშლის... ტაატით ნელით.... ვნებათაღელვით... მიიწურება ამ ღამის ფეთქვაც უკიდეგანო ქვიშების თელვით ტაატით ნელით... ტაატით ნელით... ზევით და ქვევით... ზევით და ქვევით... ვხედავ ქარავანს მარაოს ქნევით... ჩილიმის ბოლით... ზურნით და დოლით... ტაატით ნელით... |