ხელისგულებით ვეფიცხები ღამის სინათლეს, მიწის სურნელი სულში მიძვრება გაზაფხულისა. ძილისწინ ლოცვა აღასრულეს ლურჯმა იებმა და მათი ძილი ახლა უფრო საამურია. . . . ვაშლის ხეებში გაჩრილა მთვარე, თავს ვერ დამაღწევს - გაბაწრულია, შემინდობს ალბათ ჩემი უფალი, რომ სიყვარული ასე მწყურია.
ჯვრისწერა მინდა შედგეს სოფელში სადაც მამულებს მამა უვლიდა, მთვარეს მეჯვარედ- ცისკრის ვარსკვლავი, მე კი მუზა მყავს ჩემი გულისა.
მღვდლის ანაფორას მოიცვამს ბედი, ბედი რომელიც ზოგჯერ მგლურია, და შეასრულებს აღთქმულ მისიას, (არშესრულება უფრო რთულია).
მე დემონი ვარ ამ ჯვრისწერაზე, ქალწული მთვარე ისევ მუნჯია, მაგრამ გრძნობაზე, გრძნობით მპასუხობს- აი ეს უკვე სასწაულია.
მორჩა! დაგვწერა ჯვარი ჩვენ ბედმა, ისმის გალობა სინანულისა, ჩვენით შეერწყა ზეცა და მიწა, ცრემლს ვერ ვიკავებ სიყვარულისას. . . . ხელისგულებით ვეფიცხები ღამის სინათლეს, მიწის სურნელი სულში მიძვრება გაზაფხულისა. ძილისწინ ლოცვა აღასრულეს ლურჯმა იებმა და მათი ძილი ახლა უფრო საამურია. |