ნახე... დამიგულა სიმარტოვემ, ბედმა მიმატოვა, ბედნიერმა, ახლა... ბოდვასავით ვიმეორებ სიზმრებს, რომლებშიაც მეტირება. და მერე... მიდიან შეგრძნებები, და მერე... ბრუნდება უშენობა, ალბათ, სიმარტივეს ვეძნელები, რადგან ნიავივით უფერო ვარ და რთული ქარივით, სევდასავით, თვალებში ჩაკირულ ნაღველივით, მოდი... უჩემობას შეგასწავლი, დრო რომ განმეორდეს გაფრენილი, ხომ უნდა იცოდე ისე წასვლა, შენი ნაკვალევი წამიშალო, ყველა ემოცია არ წამართვა, მტკვარში სინანულად არ ჩამღვარო. ...ქალაქი აიკლეს ბეღურებმა, შენ კი ერთგულებით დაიღალე, იცი, ხეივანი გემდურება, მზერა გაუხუნდა გამჭვირვალე. შეხედე... ფოთლები დაგვიბერდნენ, ცასაც ნაოჭები გასჩენია, ლექსებმა დუმილი გაიმეტეს, უსმინე... სათქმელი დარჩენიათ. |