მთებზე უთოვია წუხელ, დეკემბერი გვიდგას. შენთვის გაუმხელელს ვუმხელ კანტიკუნტა ფოთლებს. ქარი ეტანება მუხას, მუხა ფესვებს იდგამს. მე კი მივეძალო (ვწუხვარ!) დათვისსისხლა ბოთლებს -
უნდა... გაგილოთდე, ჩემო, ერთი ღამით მაინც, რადგან სიმთვრალეში მჩემობს სისუფთავის განცდა, რადგან სიფხიზლეში ბნელა საშუადღო ცაიც, რადგან სიფხიზლეში ყველა ჰორიზონტი გაცვდა.
ვჩემობ ნიზამობას კი არ, მაწანწალა - სულით. ოღონდ, ჩემს ჭკუაზე ყიალს ვერ დამიშლის მეფეც. მივალ საფლავებთან - დუმან, სიმშვიდეა სრული, მივალ სასახლესთან - უმალ გოშიები ყეფენ.
ჰოდა, დავიღალე ასე. იოლია დაღლა. მხოლოდ მოლოდინი მავსებს შენი თოვლის, თმების... ჰოდა, გადმოთოვე მთანი, გადმოთოვლე ახლავ! თორემ, მერამდენედ - მთვრალი - თეთრ ღამესთან ვწვები... |