siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-27 - 3:10 PM    
გამომიგონე...
ღამის ჩრდილიდან გამოთალე შენი ოცნება და დამამსგავსე,
მერე მოდი და ჩემს მკლავებში შემოიხიზნე,
უპატრონე ჩემს მონატრებას,
ნუ შეაკავებ შენს ძარღვებში დამწყვდეულ ვნებას,
რომ ჩემს ხელებზე,ჩემს ტუჩებზე იძიოს შური,
რომ შემოლეწოს ჩემი სიზმარი,
როგორც ზღვის თქეშმა ქოხის ფანჯრები
და ამ სიზმრიდან საბოლოოდ ამომათრიოს...
გამომიგონე...
მე ხომ ასე გამიჭირდა შენთან მოღწევა...
შეყვარებული შემოდგომის ყვითელ ფოთოლზე,
მეოცნებე შორეულ ზღვაზე და ყვავილების სიჩუმეზეც ვნებააშლილი,
მე ხომ ყოველი ჩემი ნერვი
ცეცხლის გაუვალ ალად მხვდებოდა
შენსკენ მომავალს.
მე ხომ სიზმრებიც მიკრძალავდნენ შენს გამოჩენას,
მე ხომ დავფლითე სიმარტოვის მაცდური ბადე
და ჩემს სახეზე შეხორცებული ხომ კივილით ავიხიე
ყველა ნიღაბი,
მე ხომ შენამდე მოვაღწიე,
მე ხომ დაგნებდი...
გამომიგონე...
შემიყვარე როგორიც გინდა,
დამამსგავსე შენს სურვილებს,
შემიცვალე ყოველი ნაკვთი..
მე ხომ უზომოდ დავიღალე
და წიხლს მაჭერს ქალაქის სევდა.
მე ხომ ვერაფრით დავუბრუნდები
მზეს მონატრებულ კედლებს შორის,
ჩამოხრჩობილ ფანჯრის სიჩუმეს.
დამტოვე შენთან, მხრებით გამითბე გაყინული ხელისგულები,
მზე შემოსწირე ჩემს ჭრილობებს,
მოჰბანე ჭუჭყი...
მკითხე, თუ როგორ შემოვაცვდი ნაწვიმარ ქუჩას,
როგორ ჩამქოლეს, შემატოვეს დაღუპვას როგორ,
როგორ მივედი უზარმაზარ ფოლადის კართან,
შიგნითაც როგორ შემიტყუეს,ჩაკეტეს კარი,
როგორ ვტიროდი უსასრულო, ნაცრისფერ ზამთარს
და როგორ გაჩნდა ჩემს სხეულში პირველი ბზარი.
ძველ ლოთობაზე, სიგიჟეზეც რაიმე მკითხე,
ძველ სიგიჟეზეც, ათასჯერ რომ შევცვალე ახლით,
თვალებში სევდა როგორ იქცა უმიზნო სითხედ,
და ხელში როგორ შემომაკვდა უჯიშო ძაღლი
იტირე დიდხანს, იტირე ჩემში, ჩემს გარშემო
და კიდევ იქით...
მოვედი შენთან, დაღლილი ვარ, აღარ მაქვს სახე...
ჩემს მონატრებას უპატრონე, მაჩუქე ფიქრი...
გამომიგონე...
შეაერთე ყოველი ნატვრა,
გამომიგონე ლამაზი და ერთგული შენი!
თეთრი მკლავებით შემოსაზღვრე ყოველი ღამე,
შემომიტყუე, შემომიშვი მეც ამ საზღვრებში,
მხოლოდ შენს მკერდზე გამითენე ჩემი დღეები,
შეაკოწიწე ჩემი მზერა, ჩამალე შენში...
გამომიგონე...
დამამსგავსე შენს ერთ-ერთ სიზმარს,
შენს ერთ-ერთ ნატვრას, ყველაზე ტკბილს, ყველაზე ლამაზს...
მე შენთან ვდგავარ, მოვაღწიე, დამტოვე შენთან!
მე დაცლილი ვარ, მე შიგნიდან გამომწვარი ვარ,
არ შემრჩა ქარი და არც ცეცხლი და არც სიჩუმე,
მოვედი შენთან, უპატრონე ჩემს მონატრებას,
მხრებით გამითბე გაყინული ხელისგულები!
მე გამაწამა, მე ჩამქოლა კედლების ხროვამ,
გადააფარე შენი თმები ამ კედლებს, ქალაქს,
გადააფარე ჩემს სურვილებს ველური ვნება,
მოვედი შენთან, შემიკედლე, დამბანე ხელი,
მოვედი შენთან, უპატრონე ჩემს დაღლილ ცრემლებს,
მერე ზაფხული მომანატრე...
მერე მიჩვენე, ზაფხულში თვითონ შემიძეხი როგორც ყვავილი,
შენი ტუჩებით ამომიშრე ყველა ჭრილობა,
გადააცალე ჩემს ოცნებას მტვერი და ჭუჭყი,
დამიკრიალე ეს ოცნება და მერე ჰკოცნე...
დამტოვე შენთან, მიპატრონე, მიტირე შენში,
გამომიგონე, დამამსგავსე შენს ლამაზ სურვილს.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<