გემუდარები, გამიღე კარი. სიტყვა, რომელიც ერთ დროს გამომრჩა, მე მოგიტანე ახლა პეშვებით, გემუდარები, კარი გამიღე! ასე ადვილად ვერ შევეშვები დაგმანულ კარში შეჭუჭკულ ლოდინს და რწმენისა და იმედის ლოდებს ვერ ჩამოვაგლეჯ ჩემს მარტოობას. ...სისულელეა ჯიუტი ღობე ყინულოვანი, თეთრი თითებით, მე თუმცა მთვარის სატრფოდ ვითვლები, მაინც მთავარი დავტოვე შენთან - უბავშვურესი სულის მითები და მოყვავილე სინათლე ფერთა... და ახლა სიტყვა მომაქვს პეშვებით, რომლითაც უნდა გადავარჩინო შენს სულში თითქმის გახუნებული ჩემი თითების ანაბეჭდები, სავსე ვარ შენი დიდი სურვილით და სურვილს იქით არ ვიხედები.
გემუდარები, კარი გამიღე.
|