ხუმრობ? თუ მართლაც მიყურებ ისე,
როდესაც ქალებს მოსწონთ კაცები?
ჯანდაბას, ვიცი, მოვიტეხ კისერს,
მაგრამ რა ვუყო, თუ მევასები?
ჰო, მევასები, რა გაგიკვირდა,
საოცრად მომწონს შენი პროფილი...
მომაჯადოვა შენმა სიცილმა,
თუმცა გიელავს თვალი ორბივით...
რა მოხდა, ცოტას აქ ყველაც ვაფრენთ,
აბა, გადავყვე ქალებზე დარდებს?
მე შემიძლია უღვინოდ დავთვრე,
უმიზეზოდაც კი შემიყვარდე...
მე შემიძლია, შენს ერთ კოცნაზე,
ათას კოცნითაც კი გიპასუხო,
ჰო, შემიძლია, მზის ამოსვლამდე,
ულამაზესი ღამე გაჩუქო!
კარგი, გეყოფა, შუბლი გახსენი,
თუმცა, შეკრულიც მაგრად გიხდება,
სადღა არიან ჩემი მსგავსები,
გამიცნობ? ყველა დაგავიწყდება!
მინდა გაკოცო, სულ ერთი წამით,
ჰო, რატომ გიკვირს? თვალს ნუ მარიდებ!
არ დაგეტყობა კოცნაზე კვალი,
ნუ გეშინია, ვინ რას გაიგებს...
რით დაგარწმუნო? არ ვიცი რა ვქნა,
დამრჩა რაიმე, რაც არ გითხარი?
თუ ანგელოზი იყავი მართლაც,
რაღას მაყბედე ამდენი ხანი?