siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-26 - 10:56 PM    
მიყვარს ნაცარი...
იგი ყოველთვის არის,
რაც არის
და კოცონივით
თვალისმომჭრელად
ან გამომწვევად როდი ბრიალებს;
თუმცა, ვინ იცის,
რამდენ ნაღვერდალს
ინახავს შიგნით,
კი არ ინახავს,
სიმწრით მალავს და
უცხო თვალისთვის არ ემეტება.
დიდება — ნაცარს,
მიმხვდარა იგი,
რომ გრძნობებს თუკი
საგულდაგულოდ არ გადამალავ,
ვერ მოახერხებ,
შეინარჩუნო
ის, რაც გიყვარს და
გეძვირფასება;
მიმხვდარა იგი,
სწორედ ამიტომ
დაუკეცია ცეცხლის დროშები...
დიდება — ნაცარს
მშვიდს და თვინიერს,
ვინც დღესაც იწვის ხანგამოშვებით
და ნაღვერდლიან
საკუთარ სხეულს
მრუმე სიმშვიდეს ადებს ხუფებად,
ვინც უკვე იცის
სიკვდილის ფასი
და აღარასდროს დაიღუპება.
დიდება — ნაცარს!
მე მიყვარს იგი,
ის ყველაფერთან არის მართალი...
მან თქვა:
მე მძინავს,
მე თვალებს ვხუჭავ,
წარსახოცელნი წარიხოცონო,
შენ კი,
ჯიუტად,
ამ სიცივეში
რა გაბრიალებს,
კენტო კოცონო!
მე ნაცარს ვბაძავ,
რადგან სიცოცხლე
არ დამდებია ენაზე შაქრად...
ის ცეცხლი იყო,
იწვოდა ერთ დროს
და გულგრილობის წვიმებით ჩაქრა!
წვიმა იყო და
არ ჩანდა არვინ,
დროც კვალში ედგა ბოროტ მყეფარად,
ის კი,
კოცონი,
ნაცრად იქცა და
თავის თავს თვითონ გადაეფარა.
მე ნაცარს ვბაძავ,
მაგრამ ვინა თქვა,
ფერფლის საბანქვეშ
ვიწვე ნებივრად,
ამ ორი თვალით —
ორი ნაკვერჩხლით —
შენს მოსასვლელ გზას გავჩერებივარ.
შენ კი არ ჩანხარ,
სად ეხეტები,
ვისკენ მიჰყავხარ გზას სატიალოს?
მოდი, ქარივით მომაწყდი გულზე,
რომ ერთხელ კიდევ ამაბრიალო.
მაგრამ რის ქარი!
შენ ვით მიმინოს,
სიკვდილს,
ჯიუტად
ჩემს სულზე გეშავ
და თუ გაიგე,
რომ კოცონი ვარ,
ღვარად წამოხვალ,
ან წვიმის თქეშად.
მე კი
კოცონი სულაც არა ვარ...
მე ნაცარი ვარ, ქცეული ხვატად
და ჩემი სულის ერთ ნაწილს —
ნახშირს —
შეყვარებულებს და შლეგებს
ვატან;
რომ არ ჩაგვიქრეს ღვთიური ცეცხლი,
არ დაწყდეს უფლის წყაროს სათავე,
წავლენ ისინი პირქუშ კედლებთან
და ისარგაყრილ გულებს ხატავენ.
და წერენ ჩემით უჩუმარ წუხილს —
დიდრონ თვალებზე ცრემლად მიღვარულს:
— მე გელოდები!
— მე შენ მიყვარხარ!
— ბიჭს პლიუს გოგო უდრის სიყვარულს!
ო, რა ნეტარი წამია!
ჩუმად!
გული ახალი ცეცხლით ბოლდება...
მაგრამ დრო გავა...
ბიჭს პლიუს გოგო
ღალატს და ცრემლებს გაუტოლდება.
ბოლოს ერთ-ერთი უთუოდ წავა,
გაუვა ყავლი მშვენიერ ფარჩებს...
მე ვიწვი მისთვის, ვინც არსად მიდის,
ვინც უნდა პირქუშ ღალატთან დარჩეს.
თავს ვუხრი,
სიმწრის ოფლით დაცვარულს,
არ მსურს,
ოდესმე კვლავ ვიქცე კაცად,
მე თვალებს ვხუჭავ...
მე მეძინება...
მე ვარ ნაცარი...
დიდება — ნაცარს!
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<