პატარა იყავ და ამიტომაც, თუ ვერ გამჩნევდი, მეპატიება, რას ვიფიქრებდი, არ დამინდობდა შენი ქალური შურისძიება. და თუ გიყვარდი, როდია ჭორი, ან ქარაგმულად თქმული იგავი, მიუწვდომელი და შორზე შორი, შენს თვალში დიდი ვინმე ვიყავი. და როცა ეშხი შეგმატეს წლებმა, როცა სიმწიფის წლები გაჩუქეს, შენ დაგინახა სუყველამ ერთად_ თვალებმა, გულმა და სიჭაბუკემ. და შეიცვალა ჩვენი როლები_ შენ გამირბოდი, მე_ გდევდი ბოლოს, შენ წითლდებოდი და ათრთოლებით, უხერხულ სალამს მაძლევდი მხოლოდ. ერთი კი გზაზე აღარ გაგიშვი, ლამაზ თვალებში ჩაგხედე დარდით, ამხელა ბიჭი მე შენს თვალებში, რა პატარა და უმწეო ვჩანდი! მას შემდეგ, მუდამ გხვდებოდი მცინარს, თითქოს მიმზერდი კიდეც ზემოდან, გავიწყდებოდა სალამი ხშირად და ძველებურად აღარ გრცხვენოდა. ბოლოს გავიგე, როგორ დაგკარგე, დაგკარგე, დამრჩი ნატვრა მარადი, თვალებში როცა ჩაგხედე, კარგო, შენს თვალში მაშინ დავპატარავდი! |