გესმის, არ მოვკვდები არა, არც შენ განაცვალებ თავს, გადავალ ქსანსა და არაგვს, სანთლით ამოვირჩევ ქმარს. მთელს ფშავ-ხევსურეთში ცნობილს, სხვისგან წყენა რომ არ ახსოვს, დავტოვებ ქალაქელ დობილთ და დავესახლები არხოტს...
ისე გავაკვირვებ სოფელს საჩვენო ქალ არსო-თქვას, გავიჩენ ცხვრებსა და ძროხებს ვისწავლი ქსოვას და რთვას... დილაბნელს არაგვზე ჩავალ, მოვიტან წყვილ კოკა წყალს. ქმარს გზას დავულოცავ სავალს, საძოვარს გავრეკავ ცხვარს... ძროხებს გავაყოლებ ნახირს, გავიგებ უმი რძის სუნს. ჭრელ წინდებს დავუქსოვ ბალღებს, არც ერთს არ დავწყვეტ გულს.
საღამოს სახინკლეს მოვზელ, მოვწველ ძროხას და ცხვარს, მერე სათიბიდან მოსულს, სასთუმალს დავუგებ ქმარს, ბუხარში მოვხარშავ ხინკალს, ის მომთხოვს შინაურ ლუდს, მივშლი იქვე ცეცხლის პირას, ბავშვების სასთუმალს ხუთს...
ჩვენ დავლევთ ნახევარ ლიტრას და არ დავნებდებით ძილს, ის მეტყვის ორიოდ სიტყვას, ძალინ ნაზსა და თბილს... მე ის მეყვარება ვიცი, არ დავემდურები ბედს, ჩემი შეშურდება ყველას, ყველას-შენი ცოლის მეტს...
ისე ვუერთგულებ ქმარ-შვილს, გულს არ გავაკარებ იჭვს და შენს მოსახელედ გავზრდი, პირველ თვალხატულა ბიჭს! |