მუსიკის ხმების გაგონება რატომ განაღვლებს,
როცა თავად ხარ შენ მუსიკის გამომსახველი!
რატომ გაღონებს სიხარული, რაც სულს ანახლებს,
და ასე რატომ გახალისებს მწარე ნაღველი?!
როცა ერთმანეთს შეწყობილი ჟღერენ ჰანგები,
ტკბილხმოვანებით გული რად გაქვს ნაიარევი?
ალბათ ჰანგებში საყვედური გესმის განგების,
ქვეყანაზე რომ ასე კენტად დაიარები.
გესმის?! ნამდვილი ტრფიალია სიმების ხმაში!
ყური დაუგდე შეთანხმებულ ჟღერას სამხმიანს,
თითქოს დედ – მამას აჰყოლია პატარა ვაჟი
და შენს სასმენად ერთ სიმღერას შემოსძახიან.
„ვისაც არა სურს თავის ბედის სხვასთან გაყოფა,
ამ ქვეყანაზე მისი ყოფნა არის არყოფნა" |