ახლახანს გათენდა... ღრუბელთა მანტია ამღვრეულ თვალებში იჭრება კარტივით, მე ისევ მარტო ვარ... ირგვლივ კი მარტია უბრალოდ რთული და ძალიან მარტივი... . ღმერთი ხარ? – მაშინ მე ურწმუნო თომა ვარ ვნახოთ ვინ გაიტანს და ვისი აჯობებს, უკვე წარსულივით ვიგონებ მომავალს, არმოსულ გაზაფხულს თვალებით ვაბოდებ. . მე ახლა ნამდვილად არ ვიცი რა მინდა, ჰაერი ირწევა ნასვამი კაცივით... შენ შეცდი ძვირფასო... დახარე თავი და დაღუპულ ზმანებებს მიაგე პატივი... . ერთი საოცრება მოხდა და წავიდა, მსუბუქი ოცნება დამძიმდა დარდივით, მარტიც მერამდენედ მეწვია თავიდან და ფიქრებს მირიგებს აჭრილი კარტივით. . დავითვლი ცრემლებად ჩამოღვრილ ღამეებს, თითეულს სიკვდილზე მეტადაც ვაფასებ... ახლახანს გათენდა... ეგეც თუ რამეა... იმედებს ბავშვივით ჩამოვწერ დაფაზე. . დაღლილი თვალები კიბეზე აგდია, ჰაერი ირწევა ნასვამი კაცივით... შენ შეცდი ძვირფასო... ირგვლივ კი მარტია უბრალოდ რთული და ძალიან მარტივი... |