siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-25 - 10:14 PM    
შენ
ფანჯარასთან დგახარ და შესცქერი მოქუფრულ ცას, მუქი რუხი ფერი რომ
დაჰკრავს. ის თითქოს შენს მდგომარეობას ასახავს, ირეკლავს შენს თავს. შენ
არ იტირებ, მაგრამ სადაცაა იწვიმებს და მოგიწევს შეიკავო თვალთან მომდგარი
ცრემლი, ასე ძალიან რომ შეეცდება ლოყაზე ჩამოგორებას. ყელთან ბურთი
მოგადგება და გაიფიქრებ, რომ ვერ იტან ამ გრძნობას.


აი, უკვე წვიმს და სახეში წვეთები გეშხეფება. შეღებულ
ფანჯარაში აღწევს წვიმა. კეტავ დარაბას რომ ოთახი არ დასველდეს და შენს
საწოლზე ჯდები – აგრძელებ სარკმელში ყურებას.

რომ დამირეკე, იმ წამსვე გამოვედი.

გუშინ ცა არ იყო მოქუფრული და არც შენ იყავი მოღუშული გუშინ… გუშინ არ
წვიმდა და არც შენ გნდომებია ტირილი გუშინ… – გითხარი მე, როცა მოვედი
შენთან წვიმით დასველებული.

ახლა წევხარ პლედში გახვეული. მე კი შენს გვერდით საწოლზე მოვკალათდი,
სანთელი ავანთე, როგორც გვიყვარს და დავიწყე ამბების მოყოლა: რიგ-რიგობით
გიყვები, ჯერ მხიარულ ამბავს, მერე სევდიანს. შენი გუნება თანმიმდევრობით
იცვლება ამბების მოყოლის დროს.

მორიგი ამბის მოყოლისას შენ შემაწყვეტინე და მითხარი: წვიმამ გადაიღოო…

მე გავხედე ფანჯარას, თავის დაქნევით დაგიდასტურე ეს. უკვე არ იყავი
ისე ცუდად, როგორც აქამდე, თუმცა ჯერ მაინც მოწყენილი იწექი.

კიდევ ერთი, ბოლო, მხიარული ამბავი რომ გიამბე, სახე გაგინათდა. მერე
კი ღიმილით მომმართე: ცა არ არის ცისფერი… ის მუდამ იცვლის ფერს… ის ხან
მოწკრიალებულია და ცისფერია, ხან კი ნაზი ვარდისფერითაა შეფერილი, ღამე
მუქი-მუქი ლურჯია, თითქმის შავი…

ჩვენც ასე ვართ – ცვალებადი არსებაა ადამიანი, – გიპასუხე მე. ხედავ?
უკვე სულ სხვანაირად გრძნობ თავს ვიდრე წეღან, – ჩემს კითხვას თავის
დაქნევით უპასუხე.

მალე ჩაგეძინა. მე ჩუმად, ფრთხილად შეგფუთე პლედში, გვერდები
შემოვუკეცე რომ არ შეგცივებოდა, ასევე ფრთხილად და ჩუმად წამოვდექი და
სარკმელში გარეთ გავიხედე: წვიმის გუბეები იდგა, კაციშვილი არ იყო ქუჩაში
პატარა უპატრონო ფინიის გარდა რომელიც სადარბაზოს შესასვლელი კარის ქვეშ
გაწოლილიყო – ის წვიმას ემალებოდა და ჩაეძინა.

მე წავედი, შენ არ გაგაღვიძე.

არავინ იცის, რა ხასიათზე გაიღვიძებ ხვალ… ისიც არავინ იცის, რა ფერის იქნება ხვალ ცისფერი ცა…
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<