არც არაფერი, ქუჩას მივყვები ან პირიქით, თვითონ მომყვება და კაბის კალთამ ნაბიჯივით აიყოლია ლანდი გზადაგზა. სურნელს ვტოვებ, როგორც მზე ტოვებს ზღვაზე ნაკვალევს. ის ჩვენს შორის ჰაერს ისუნთქავს და მიმახსოვრებს მხოლოდ ასე, ზურგით მიმავალს. არ დაგიმალავთ, მინდა ეს ქუჩა გრძელი იყოს, როგორც არასდროს. იქნებ შინ ელით? გთხოვთ, მაპატიეთ, ქმარი მოგტაცეთ სულ ერთი ქუჩით. საღამოს მოვა, თავს ჩაგიდებთ ალბათ კალთაში და ნუ გაწყრებით, თუ ჩემზე დაწერს, უფრო დამხატავს (ვგრძნობ, რომ ასეთი თითები აქვს). მე თქვენზე ვფიქრობ, ნეტავ თუ გგავართ? ნუ მეტყვით, ვიცი, თქვენც ხომ ასე ხართ, როდესაც ზომავს თქვენს შორის მანძილს უცხო მზერა, უკან არასდროს იყურებით, არიდებთ თვალებს, რომ დაკოცნოს ქმარმა, როდესაც დახრით და სადღაც გულში სირცხვილსაც იგრძნობთ. . .
არც არაფერი, ქალი ვიყავი, სულ ერთი ქუჩით მოგტაცეთ ქმარი, ჩემი სახლის შესახვევამდე. |