გარდამავალი ფერებით დაგხატე,
მე შენ დაგხატე შავი ფანქარით.
მე შენს თვალებში რაღაც დავკარგე,
ალბათ ოცნება ცრემლად გამდნარი.
მე შენ დაგხატე ძუნწი ფერებით,
ზამთრის ჩაგაცვი ფერები ლუწი.
ზამთარში ვტკბები შენი მშვენებით,
ასეთი გრძნობა არ მქონდა უწინ.
თეთრზე შავად და შავზე თეთრად,
მე შენი სახის ავაგე ტაძარი.
იქ შენი სახე ანთია მკვეთრად,
და ზამთარს ედება შენი ხანძარი.
მე არ მჩვევია თითლიბაზობა,
ვერ აგაჭრელებ მრავალ ფერებით.
მე შენ დაგხატე, დიდი მადლობა,
რომ მოგეფერე მე ამ ხელებით.