|
ალბათ, გინდა გაიგო, თუ როგორ სწავლობენ სიყვარულს. არ არსებობენ
რეცეპტები, არც ფორმულები. ვფიქრობ, უფრო კულინარიულ ხელოვნებას მიაგავს,
რომლის მიხედვითაც თითოეული კერძის დამზადება ერთმანეთისაგან განსხვავებულ
გზასა და დიდ ყურადღებას მოითხოვს. ზოგჯერ, პირველ რიგში, ბოსტნეულის
შემზადებაა საჭირო, შემდეგ მათი ტაფაზე გადატანა და ბოლოს შეკაზმვა. ზოგჯერ
კი, პირდაპირ დამარილებით იწყებენ. გემრიელი კერძის დასამზადებლად მრავალი
რამის გათვალისწინებაა საჭირო; ადამიანების შემტხვევაშიც იგივე ხდება.
ბუნებრივია, არ ვფიქრობ, თითქოს საკმარისი იყოს განაცხადო: "გაგიმარჯოთ!
გთხოვთ იყოთ მოსიყვარულენი და ერთმანეთის გამგებნი".
ჩემის აზრით,
საუკეთესო გზა გათავისებაა, ანუ ნიჭი სხვათა ფიქრების, გრძნობებისა და
ტკივილების წარმოდგენის შეძლებისა. ჩვენ, ბერები, ყოველდღიურად ვვარჯიშობთ
სხვათა შეგრძნებების აღქმის უნარის განვითარებასა და განმტკიცებაში.
მაგალითად, ვფიქრობთ იმ მდგომარეობაზე, თუ რას განიცდის ესა თუ ის არსება,
როგორიცაა დასაკლავად გამზადებული ცხვარისადმი სიბრალულის გრძნობა და
ვცდილობთ წარმოვიდგინოთ მისი ტანჯვა: სიკვდილის შიში, ტკივილი, სისხლი.
ანაც გვესახება საყვარელი ადამიანის სიმძიმილი და განვიხილავთ ჩვენს
რეაქციას მისდამი. ამგვარად, შევისწავლით სხვათა შეგრძნებებისა და
გამოცდილებათა უკეთ გაგებას და ვაუმჯობესებთ ჩვენი აღქმისა და მათთან
ურთიერთობის უნარს. სიყვარულისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეგეძლოთ სხვათა
გათავისება და მათ ადგილზე საკუთარი თავის მოაზრება, რაც ამავე დროს, ისეთ
საშუალებას წარმოადგენს, რომელიც დიდ სიმამაცეს მოითხოვს; სიმამაცეს,
წარმოვიდგინოთ, თუ რას ნიშნავს სხვის მდგომარეობაში ყოფნა. უმეტეს
შემთხვევაში, ეს გვეხმარება ერთმანეთისადმი დაპირისპირების შერბილებაში,
რითაც სხვათა გრძნობებს ვითავისებთ და ვსწავლობთ მათ პატივისცემას. |