შენი ფანჯრის წინ ამოვა მთვარე,
როგორც ყოველთვის იცოდა მოსვლა
და, უბინაო დღეებით მთვრალი,
ქალაქში ქარი დადის, ვით მოსე. ვეჩვევი სულის უსაზღვრო უღრანს
და, მტარვალივით, საკუთარ სისხლს ვსვამ,
როცა ღამეა, მთელ ზეცას ვუღრენ,
როცა ღამეა, ან თითქმის სისხამ
დილიდან მარტის გრიგალი ყივის,
ტოტებზე დგება, როგორც მამალი,
დამაქვს უსაზღვრო შეგრძნება ყინვის
და ლექსის სითბოს მაინც არ ვმალავ.
დღეს, უსათუოდ, ამოვა მთვარე,
ასე უღმერთო დუმილით ყუმი
და, ცოფიანი მგელივით მთვრალი,
შენი მთვარის წინ დავიწყებ ყმუილს.