siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-24 - 8:39 PM    
siyvaruli.in
შენ გააჩინე და შენივე შექმნილით ხარობ _
ღაწვებზე დამდის უთვალავი ღიმილის წყარო,
სულ რომ ჩუხჩუხებს და წუთითაც რომ არ ისვენებს,
სახეზე მაფენს ნეტარებით მფეთქავ სისველეს.
ღიმილი სხვაა და ნაოჭებს არ ემსგავსება _
ღიმილი _ ნათლით დაფერილი არის არსება.
კრთის შუქი, მაგრამ შარავანდით ვერ ფარავს ხატებს,
რადგანაც ნათელს მხოლოდ ჩვენი ღიმილი ჰბადებს.
თვალთა კარიბჭეს გაზაფხულის შხეფი მოწყდება
და სიმხურვალეც ღიმილისა ასე მოწმდება:
ბებერი ხელი შეუშვირე ამ ნელთბილ კოცონს _
შენ გააჩინე და შენივე შექმნილი მოგწონს!

ყური დაუგდე, მოუსმინე, მიაყურადე _
იგრძენი, სუნთქვა რა იოლად აღწევს გულამდე!
ო, რამდენს ნიშნავს, სუნთქვა სუნთქვას რომ შეეზრდება,
სხვისი რომ გესმის და სიცოცხლე რომ არ გბეზრდება!
ზეცით უბერავს, ერთხელ დაშლილს კვლავ ამთლიანებს
და მტრების ქოროს ღრუბელივით თავს დასტრიალებს.
არა _ გრიგალი, ფუძის მშლელი, დამქცევი სახლის,
არც ნიავქარი, ბებერ რტოებს ერთურთს რომ ახლის,
ცახცახებს სული, შეუცნობი, ყოვლისმცნობელი,
ადამიანის სუნთქვა არის მისი მშობელი.
ბაგეებს წყდება, გადასცდებს ზეციურ ზღუდეს,
თითქოს, სამყაროს ხელმეორე მოქცევა სურდეს.
თავსაც იწონებს, ვით სჩვევიათ ნებიერ ბალღებს,
სიტყვების ნავი ქარის ზღვებზე მიარღვევს ტალღებს.
ყური დაუგდე, მოუსმინე, მიაყურადე _
იგრძენი, სუნთქვა როგორ აღწევს გულისგულამდე!

მიდი, დაეშვი, მიწა ახლა იმ ცრემლებს იკრავს,
შენ რომ აპკურე მიჯნურების ფეხის ხმას, მიმქრალს,
მაშ, შეუერთდი, მათ ნაბიჯებს ჩაეზიარე,
სვლა ყოველივეს განწმენდსა და აერთიანებს,
წინსვლა მეტია სირბილსა და მაღლა ფრენაზე,
მაღალ სფეროზე, მაღალ მზეზე, ვარსკვლავთცვენაზე,
მროკავ სივრცეზე, რომ ლივლივებს და რომ არ ცხრება,
მეტია, ვიდრე ეს ფუსფუსი და აღტაცება.
ნეტარებს ღმერთი, სულ გიზგიზებს და თან სულ ქრება,
ჩვენს ნაბიჯებში იბადება თავისუფლება.
ღიმილი, სუნთქვა, მოძრაობა მეტია, ვიდრე
ხომლი იელვებს თუ ფოთლებზე ნიავი იფრენს;
ვიდრე სინათლე, სხივებმა რომ ფრთებით ატარეს,
ადამიანში თვით სამყარო იღებს სათავეს,
მიჯნურთ ღიმილში, მათ სუნთქვაში, ცაზე, ჰაერში...
იტირე, მუხლი მოიდრიკე, მიდი, დაეშვი!

 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<