დავიღალე და მომიახლოვდი, ღმერთო, ხორცის ტარებამ დამიავადა სული, ამეწვა გული, თითქოს, კოცონი ენთოს, ვერაფრით ვაქრობ მაინც სიცოცხლის სურვილს. ძველი ხურჯინით ვეღარ დავათრევ ცოდვებს, არეულია მოგონებებით გონი, არ ვარ არავის მცნობი, არაფრის მცოდნე, ჰაერს სუნთქვისას ცრემლებს ვაყოლებ, მგონი. ვმარცვლავ ბგერებს და სიტყვებად ვაცვამ მძივებს, მერე სათქმელის შეკოწიწებას ვლამობ, თანდათანობით ხდება სამყარო მძიმე, საკუთარ თავსაც ვეღარ აუვა მალე. მე მძიმესავით წელშიმოხრილი გავხდი, და ნატვრად მექცა, რომ არ მოვბეზრდე უფალს, რაც არ არსებობს, მხოლოდ ისაა ნაღდი, ვფიქრობ ზოგჯერ და ამით ვართულებ უფრო... მოვშორდებოდი ყველაფერს, თუმცა ვერ ვთმობ, რომ არ ვემსგავსო დღითიდღე უფრო შეშლილს, დავიღალე და შემომეშველე, ღმერთო! |