|
შენ იცი ლექსების და ქალის ფასი
მე კი ქალი ვარ და ლექსი მიყვარს,
მოგწონს ტუჩის ფერი, მსგავსი ლალის,
მე კი შავი ღვინით თრობა მინდა.
შენ ხარ დიქტატორი ჩვენი დროის,
მე კი ანარქიის დობილი ვარ,
სულში მიღიტინებს სიგიჟე და
შენი სიყვარული ბორკილია.
მჩუქნი ათას ზღვას და ცხრავე ზეცას,
ჩემი ფრთებიც შენი მოძღვნილია,
ჭიქას შენვე მივსებ შავი ღვინით,
სიტყვა მე რომ მტანჯავს ქორწილია.
რა უნდა გაჩუქო ამის ფასი,
რით უნდა დაგავიწყო გამრავლება,
გიშვებ, არ მიდიხარ შენი ნებით,
გაგდებ და მაშინებს დაღამება.
შენ იცი ჩემი და ლექსის ფასი,
მიტომ ლექსებს მჩუქნი ცხრაფერიანს,
როცა მაგამალებით ცას მივიწევ,
ირგვლივ შენი ძალა მახვევია.
მაჩვევ უშენობის პანიკას და
ხარბად ეწაფები ლალის ბაგეს,
ყვები დედალოსის ისტორიას,
რომ შენგან სიცოცხლის ვალი მადევს.
შენ ხარ დიქტატორი ჩვენი დროის,
მე ვნება მახელებს ამბოხების,
ვკლავ ყველა სიტყვას ჩემს ბაგეზე,
მაინც შენს მკლავებშ აღმოვჩნდები.
ჯიქურ მადებ უღელს ერთგულების,
თითებზე მახატავ ოქროს რგოლებს,
ჩემთვის ეს ბეჭდები სამარეა,
შენ კი გირჩევნია შენად მოვკვდე.
ჭიქას თავად მივსებ შავი ღვინით
და ურცხვად მაბრუებ პოეზიით,
ომის სამზადისში ვარ და ბოლოს
შენს მკერდზე ვაგდივარ მოთენთილი.
ვერ ვხვდები, რა ფასი აქვს ფრთებს რომ მჩუქნი,
ცაშიც საზღვარს თუკი დამიწესებ,
ყველაფერს მოგიძღვნიო, რაც გაკლია,
ჩვენთვის ასე სჯობსო, მაიმედებ.
თითებს მწველი კოცნით მიჯილდოებ,
თეთრ მაჯებზე მახვევ მარგალიტებს,
მე ან მარტოობის ჟინი მომკლავს,
ან შენი სიყვარული გამაგიჟებს…. |