არ დაიჯერო... თითქოს მაკლიხარ, არ დაიჯერო... თითქოს გინატრე, შენ ხომ ჩემთან ხარ დღისით და ღამით... შენ ხომ ჩემში ხარ, როგორც სინათლე. ჩვენი სიშორე ვინ მოიგონა, ან მარტოსულად როგორ ჩამთვალეს, რად ვერ ამჩნევენ რომ მზეებივით, შენი თვალები დააქვთ ჩემ თვალებს... როგორ თქვეს ჩემზე ცხოვრობს ეულად, და გულზე დარდებს იკრავს ღილივით, სასაცილოა... რად ვერ შენიშნეს, ჩემს ბაგეებზე შენი ღიმილი. უკვირთ აღმართზე მყარად რომ მივალ... მე ხომ გეყრდნობი მხარზე გოლიათს, სასაცილოა... როდესაც ვტირი, ის ცრემლი მარტო ჩემი ჰგონიათ... მე შენი სულიც მიმაქვს სხეულით, მინდა ლაჟვარდის ფრთებზე ვარწიო... და უკვდავებას თუ ვერ ვუბოძებ, ლექსებად მაინც გადავაქციო. |