დავცარიელდი, ისევ ვივსები, ისევ ვივსები, ისევ ბოლოდმე, იქნებ მე თვითონ, იქნებ ღვთის ნებით, ან გებატონო, ანდა გმონობდე,
ან გადავეშვა თავქვე დაღმართში, ანდაც დავადგე დიად აღმართებს, როგორც შარადა, როგორც თამაში, თეთრი-შავადა არას დამმართებს,
არა, მონობას ალბათ ვერ გავწევ და ვერც ბატონად გექცევი ალბათ, არა, ვერც სიტყვებს ანბანს დავაწერ, ასობგერებით დაკარგულ ანბანს,
დავცარიელდი და ჩემს გარშემო შენი სამყაროც დაცარიელდა, იქნებ ვანგრიო, იქნებ ვაშენო, დამწვარი შფოთი, დამწვარი ელდა,
რა მიღმიერი ხვევნა-ფიქრია, შიშველი დგახარ ღამის ფანჯრებში და სამოსელიც ირგვლივ გიყრია ირგვლივ ინათებ, ლამის თვალებს შლი,
გათენდა უკვე, ვეღარ გისიზმრებ, მე ახლა შენთვის დავცარიელდი, გათენდა უკვე, დღეღამ ვითვლი ზმნებს მეახლე სხივით და ცად მიერთდი,
და ისევ, ისევ შემავსე დილით, ისევ მინდები, ისევ უსიზმროდ, სად გამიძნელდი ასე ადვილი, შორი მინდვრებით ახლა სად მისნობ,
ახლა თუ გხედავ, ახლა თუ გისმენ, როგორც სიმღერა ხმას შეიქსოვდა, დავცარიელდი უსიტყვოდ ისევ ხილვა კი ირგვლივ გამისხივოსნდა. |