|
ოცნებას ფიქრი აედევნა ლამაზ ფერებად და სიყვარულის ცისარტყელა მოხატა გულში, გუშინ წამწამზე დამაფრინდა ნაზი პეპელა და მზის სხივივით ჩამეღვარა მე სითბო სულში. თბილი ნიავი თმაში ჩამაწნავს იისფერ ყვავილს, მინდვრად გაფანტულ სურნელებას შემიკრავს კონად, მეც ფეხშიშველი მივაბიჯებ მხურვალე მზისკენ და ეს ცხოვრება ნამდვილად მიღირს, კარგო, შენს კოცნად. ჭრელი დღეები ამიციმციმებს თვალებში ღიმილს და ეს ღიმილი აენთება ცეცხლივით ცაზე, მე სიყვარულის ნაპერწკალით უნდა დავიწვა და დაგეფერფლო მონატრებით დაღლილ მზერაზე. შენი თვალების თბილი ნისლი ტკივილს მიყუჩებს, ვარდისფერ ღრუბელს ემსგავსება თეთრი ზმანება, დროში დაკარგულ წუთებს ეძებს დღეს სიხარული და სიყვარულის უფსკრულისკენ მიექანება. მწვანე ტალღები დაითვლიან ბაგეზე ღიმილს, უსაზღვრო გრძნობას დაიტევენ შენზე ფიქრები, შენს გარდა ასე მონატრება არავინ იცის, ამ ჩემი გულის სიფაქიზეც სულ შენ იქნები. ვარდის ფურცლებად გაიშლება მორცხვი სინაზე, პატარა კულულს შენი სუნთქვა ეთამაშება, შენი აჩრდილი თან დამყვება, მუდამ მიღიმის, მეც რომ გავგიჟდე სიყვარულით რა დაშავდება? დავლეწავ ყველგან მარტოობის ციხე-სიმაგრეს, თითოეულ ცრემლს თეთრ ბაირაღს ავაწევინებ, გავფანტავ ღრუბელს ტკივილისას და ჩემს სიყვარულს წარსულის ფურცლებს გიჟურ ცეცხლში დავაწვევინებ! კვლავ სიყვარულის დღესასწაულს იზეიმებენ, ჩვენი გულებიც გამოსცლიან ტრფობის ფიალებს, ჩემი ცხოვრებაც, დამიჯერე, მხოლოდ შენს გამო, მხოლოდ შენს გამო, ჩემო კარგო, წაღმა ტრიალებს... |