|
სევდის ბაღს შეველ შენაღონები: მოკრეფად მსურდა ვარდის კონები. ვარდმან შემრისხა თავ-მომწონები, ისარი მყორცა დასამონები, სრულად მიმიღო ყოვლი ღონები; მითხრა: „იფიქრე გულს-ნაქონები; მისთვის იქმნები დასაყოვნები!“ ვერ მივხვდი მახვილ-განაწონები ; მისთვის შევიქმენ ცრემლთა ფონები!
იასა ვჰკითხე, – მუნ იდგა ნაზი: „ვარდსა რა ვუქმენ კართა სარაზი? „ამაყად მწყრალი ვნახე ლამაზი!“ მანცა გამაგდო: „გარეგან – გაზი, „შენგან გვაჩნია გულებსა ხაზი! „სიხარულიდამ დაბლა კერძ დაზი! „შენს გულსა ჰკითხე, მიაპყარ გაზი! „შენის გონებით იქნები რაზი: „ჩვენ დაგვთმეო და სხვას ემონები!“
რა ია გამიწყრა, ნარგიზს მივმართე, სისხლის ცრემლითა სიტყვანი დავრთე; ვეუბნებოდი: „შენ წარმიმართე იწროს გზის პოვნად! გზები გაქვს ფართე! ჩემსა ნუგეშსა ხელი შემართე: ვარდს მამუდარე, ალერსი ჩართე. შავ-გულსა ლხინი შენ მოუსართე. შემომითვალოს, რა უკუღმართე? რად მომიგონა მოუგონები?“
ნარგიზი ვნახე შებრალებითა, ცრემლსა სცვარვიდა მორიდებითა; მითხრა: „ყარიბო!“ მონაზებითა: „ვარდი მით არის გულ-დაკლებითა, „რომ შენი იყო თავ-დადებითა, - „შენ რისთვის დაჰსთმე სხვისა ხლებითა? „თავი მოსწონდა, ჰყვანდი ნებითა; - „რად გიკვირს, გასწყრეს ცეცხლ-მოდებითა? „ნაცვალი მოგხვდა დანახსოვნები!“
დავბრუნდი ყოვლგნით შეუბრალები; ბაღის კარს დავჯექ შენაძალები, ცრემლით აღმევსნეს მწირნი თვალები; ვიყავ ბედისა დამაბრალები. ვინცა მნახვიდენ დამაშვრალები, შეიქმნებოდენ ჭირ-ნაკრძალები. მეც მომხვდა სოფლის მკვლელი ბრჭალები! ბესიკი სიკვდილს არ ვემალები, თავი მაქვს მისთვის შენაწონები! |