სადღაც იწვიან ალიონები, დატყვევებული მზის სინაზეში, გადახლართულან ნორჩი ფიფქები, ციდან მოფენილ ფიანდაზებში . . .
მინდორ-ველს სიო ელამუნება, სურს გაუმართოს ფიფქებს მარულა, ზამთრისთვის სუსხი წაურთმევია, შერცხვენია და გადამალულა . . .
მთებს მიუციათ მხარისთვის მხარი, ციცაბო კლდეთა თოვლით საფარად, სიზმრად ენძელას მოუწყენია, ეულად თავს გრძნობს მიუსაფარად . . .
გარინდებულა დრო და შემკრთალი, გაზაფხულს ნატრობს, უხმობს საშველად, ცად ჩამოსულან ქერუბინები, მარადისობის გადასარჩენად . . .
დამონებია სიბრძნე სიყვარულს, ამჩატებულან გრძნობით რითმები, უგზო-უკვალოდ გადაკარგულებს, ვერ გაუგნიათ ლაბირინთები . . .
შეყვარებია ზამთარს უგონოდ, გაზაფხულის და სითბოს მეფობა, დავიწყებია დრო-ჟამის ბრუნვა, მონდომებია მზესთან ერთობა . . .
სადღაც დამწვარან ალიონები, დატყვევებულან მზის სინაზეში, დაწყნარებულან ნორჩი ფიფქები, ციდან მოფენილ ფიანდაზებში . . . |