|
ვის უნახავს სასაფლაო, უფლის ხელით დახატული: აქეთ-იქით საფლავები და მათ შორის ნაკადული, და მათ შორის ნაკადული, ვით სიცოცხლის ლურჯი თვალი ვით იესოს ტანჯულ მკერდზე გადმომსკდარი სისხლის ღვარი? ვის უნახავს სასაფლაო, უფლის ხელით დახატული, ვის უნახავს საფლავებში როგორ მიჰქრის ნაკადული, როგორ მოქრის, როგორ მოქუხს, ვით სიცოცხლე უშიშარი, და როგორ სდუმს სასაფლაო, ვით იესოს ლურჯი ტანი? ვის უნახავს ყვავილები ნაკადულის ნაპირებზე და პეპლები, ყვავილებზე დაფრენას რომ აპირებდნენ, დაფრენას რომ აპირებდნენ შავი ჯვრების მაღლობიდან და ტკბებოდნენ ნაკადულის საამური გალობითა? ვის გინახავთ სასაფლაო, თავს რომელი იმეტებდით? მე მინახავს, მე მიცვნია დაკარგული იმედები, გაფრენილი ოცნებები, გაძარცული გვირგვინები, მე მინახავს ვით სიცოცხლეს, მე – სიცოცხლე ვიგინები. ეს მე ვმდგარვარ, შვილო ჩემო, ცივი ქვების პირდაპირა და სიკვდილი შავფრთიანი ყელს მხვევია ბირდაბირად. მე მიგრძვნია შავი შიში ამ მდუმარე ლოდებიდან: მეც აქ უნდა დამეძინოს! მეც აქ უნდა მქონდეს ბინა! იქნებ ეგ სულ მალე მოხდეს, იქნებ ღირს ვარ გასაწირად, მაშინ ერთი დაიხსოვნე, ჩემო ქალო, პაწაწინავ: მოცქრიალდი ჩემ საფლავთან, ვით სიცოცხლის ლურჯი თვალი, ვით ეს შლეგი ნაკადული, ვით ყვავილთა დედოფალი, დაიხარე პიტალოზე ამაყი და დამამშვენი და, ყვავილთა დედოფალო, მოიგონე მამაშენი, მოიგონე მამაშენი, შუშა-ოქროდ გასაზრდელო, სთქვი, რომ მოკვდა სიყვარულით – შეუყვარდა საქართველო. თქვი და ისე გაიცინე, მანანაო თვალხატულავ, რომ მე გულზე გადმიქროლოს სიცოცხლედ და ნაკადულად! ვის უნახავს სასაფლაო, უფლის ხელით დახატული, ვის უნახავს, საფლავებში როგორ მოქრის ნაკადული, როგორ მოქრის, როგორ მოქუხს, ვით სიცოცხლე უშიშარი, და როგორ სდუმს სასაფლაო, ვით იესოს ლურჯი ტანი?! |