სადმე მიპოვე შენს ოთახში ჩუმად,ალერსით. იქნებ კედელზე გაელვებად გადავიარე. იქნებ მთვარე ვარ ვარსკვლავებში ამონალესი, იქნებ ფანჯრიდან შემომძვრალი სუსტი ნიავი. კარგად მოძებნე ჩემი თავი ყველა საგანში, იქნებ სარკეში დამინახო, იქნებ თაროზე და კოცნის გემო მოგივიდეს, იქნებ მადაში, თვალებს ფერები გამოსტაცო საავგაროზე. მთელი წინა დღის ისტორიას ყვება მაგიდა გაშილი ფურცელზე გაფანტული მშრალი ფრაზებით… ნუთუ არ მეძებ?ჩემი პოვნა იქნებ არ გინდა? მაშინ კარებზე ურდულივით ჩავირაზები და არ გაგიშვებ არასოდეს არცერთ სიზმარში არცერთ ოცნებას არ დაგაცდი, რომ იოცნებო. რომ არ უყურო შენ ჩემს ცეკვას დილით ცის მარში? რომ არ მომძებნო? არა ამას მე ვერ ავიტან. გადააქოთე მთელი სახლი მიპოვე სადმე, იქნებ წამი ვარ საათზე რომ უკვე გავიდა, იქნებ სანთელი სადაცაა რომ უნდა დადნეს. სადმე მიპოვე სულერთია, გინდაც უხეში, ან იქნებ ლაქად ტანსაცმლისად ამომიყვანო; მერე ჩამისვი მომეფერ ნაზად უბეში, იქნებ გაკოცო მოგეხვიო და შეგიყვარო. |