იყო ერთი სულმოკლე კაცი, რომელიც თავისი შრომით ცხოვრობდა, მაგრამ ისე ღარიბად, რომ ძლიერ შეჭირვებით ასაზრდოებდა ცოლ-შვილსა. ერთხელ ზღვის პირად წავიდა, ჩამოჯდა ქვაზე და იდაყვდაბჯენილი გასცქეროდა ძვირფასი საქონლით დატვირთულ მომცურავ გემებსა. მაშინ გლეხკაცს გულში ბოროტმა ფიქრმა გაუელვა და თქვა: შე დალოცვილო ღმერთო, სხვებისთვის ამდენი სიმდიდრე მიგიცია და მე კი ლუკმაპურის შოვნაც მიჭირს, რა იქნება, მეც მომხედო წყალობის თვალითო! შუადღისას მზის გული იდგა. ფიქრებში გართულ გლეხს ჩასთვლიმა. ძილში ნახა, ვითომ ერთი მაღალი მთის ქვეშ დგას, მიდის მასთან ერთი პატიოსანი თეთრწვერა მოხუცი და ეუბნება:
- ჰოი, კაცო, ადე და გამომყე მე!
გლეხი კაცი მიჰყვება მოხუცს. კაი ხანი იარეს და მივიდნენ ერთ ალაგს, სადაც უანგარიშო რიცხვი ეწყო ჯვრებისა: ოქროისა, ვერცხლისა, სპილენძისა, ქვისა და ხისა.
- ხედავ ამ ჯვრებსა? - ჰკითხა მოხუცმა გლეხსა. - ამოარჩიე, რომელიც გინდა და აიტანე იმ მთაზე, რომლის ქვეშეც შენ გეძინა.
გლეხმა ჯვრებს თვალი შეავლო, ამოარჩია ერთი დიდი მზესავით ბრწყინვალე ოქროს ჯვარი, ხელი წაატანა, მაგრამ ვერ დასძრა ადგილიდან.
- არა, - უთხრა მოხუცმა, - გეტყობა, ვერ ძალგიძს აღება მაგ ჯვრისა. აიღე მეორე, ვერცხლისა, იქნება მოერიო.
თუმცა, ეს მეორე ჯვარი მსუბუქი იყო პირველზე, მაგრამ ვერც ამას მოერია გლეხი კაცი. ასევე დაემართა სპილენძის, რკინისა და ქვის ჯვრების აღებაზეც. ბოლოს, უბრძანა მოხუცმა გლეხსა, აეღო ერთი რომელიმე ხის ჯვართაგანი. გლეხმა აიღო ერთი მორჩილი ხის ჯვარი და მჩატედ აიტანა მთაზე.
- რით მაჯილდოვებ ამ ჯვრის მთაზე ატანისთვის? - ჰკითხა გლეხმა მოხუცსა.
- მე დაგაჯილდოვებ შენ იმით, რომ აგიხსნი მნიშვნელობას ამა ჯვრისასაო, უთხრა მოხუცმა და მოჰყვა: "ოქროს ჯვარი, რომელიც შენ ეგრე მოგეწონა, არის ჯვარი მეფისა. შენ ჰფიქრობ გუნებაში, რა კარგი და ადვილი ხელობაა მეფობაო. აი, რა მოსვენებით გეძინა ზღვის პირად: მარტო დღიურ საზრდოზედა ფიქრობდი, რომელსაც ცოტად თუ ბევრად, კიდეც ჰპოულობ, მაგრამ სულ სხვაა დარდი და ვარამი მეფისა. სამეფოზე უნდა ზრუნავდეს იგი, მამულს მტრისგან იცავდეს, სცემდეს კანონთა და თვალ-ყურს ადევნიდეს მის მტკიცედ აღსრულებას. აი, შვილო, ასე ძნელია მეფობა. ამიტომაც ვერ მოერიე მაგ ჯვარსა.
ვერცხლის ჯვარი არის ეკლესიის მწყემსების და მეფესთან დაახლოებული მსახურების.
ჯვარი სპილენძისა ეკუთვნით მათ, ვისთვისაც ღმერთს სიმდიდრე მიუცია. შენ გშურს მათთვის სიმდიდრე და ამბობ გუნებაში: ოჰ, რა ბედნიერნი არიანო, მაგრამ არ არის საშურველი მათი ცხოვრება. მართალია, იმათ ყოველისფერი საკმაოდ აქვთ, მაგრამ, სამაგიეროდ, მტერიც ბევრი ჰყავთ და მოშურნეც. შენსავით მოსვენებით ვერ დაიძინებენ ხის ჩრდილში. შენ იცი, რომ ხელს არავინ შეგიშლის, რომ ხელს არავინ ახლებს შენს საწყალ ქოხს და არც შენს მცირე ქონებას. მდიდარი კაცი კი მარად შიშსა და ფიქრშია: ან არავინ მოატყუოს, ან არავინ გაჰქურდოს, ან არავინ გადაწვას...
ჯვარი რკინისა არის ჯვარი მხედართა. აბა, ჰკითხე მათ, რომელნიც ყოფილან ომში და ისინი გიამბობენ შენ, რამდენჯერ შეხვედრიათ ღამისთევა ღია ცის ქვეშ, ნოტიო მიწაზე: სიცივე, შიმშილი და სხვა ამგვარი გაჭირვება. მას გარდა, სიცოცხლის შეწირვა მამულისა და სარწმუნოებისათვის.
ჯვარი ქვისა არის ჯვარი მოვაჭრეთა. შენ ძლიერ მოგწონს მათი ცხოვრება და მათსავით ყოფნასა ნატრობ. მაგრამ არც მათი ცხოვრებაა სანატრელი, რაგდან ხშირად მთელი ნავაჭრი ქონება ზღვის ტალღებში დაღუპვიათ და შინ გაღატაკებულნი მისულან. საშურველი არც მათი ქონება და არც მათი ჯვარი არის.
განსაკუთრებით პატიოსან კაცს ეძნელება ამ ჯვრის აღება. შენ, მიწის მუშას, არა გაქვს შემთხვევა არც სიცრუისა, არც ქურდობისა, არც მოტყუებისა და არც ამაო ფიცისა, ვაჭარი კაცი კი ამაებს ვერ აცდება. ტყუილად კი არ არის ნათქვამი: "ძნიად იხსნეს ვაჭარი ცოდვისაგან” (ისო ზირაქი, 26-27)...
ის ხის ჯვარი, რომელიც შენ აიღე და აიტანე მთაზე, შენი ნამდვილი ჯვარია. შენი ხელობა - მიწის მუშაობა - უცოდველი ხელობაა. მდიდარი თუ იქნებოდი - სხვას შეაწუხებდი, ვაჭარი რომ ყოფილიყავი - ყველას მოატყუებდი, მხედარი თუ იქნებოდი - სამხედრო ბეგრის ტანჯვა-წვალებას ვერ აიტანდი და აყვედრიდი ღმერთსა. გულთამხილველმა უფალმა კარგად იცოდა, რომ შენ ყოველგვარ სხვა ხელობაში გარდა მიწის მუშაობისა, შენს სულს დაღუპავდი და ამისთვის მოგცა თვით მდაბალი და მსუბუქი ჯვარი - ჯვარი ხისა... წადი მშვიდობით, იყავი კმაყოფილი შენის ბედისა და ნუღარ აყვედრი ღმერთსა შენის მდგომარეობისათვის...”
მოხუცის უკანასკნელ სიტყვებზე გლეხს გამოეღვიძა, მადლობა შეწირა ღმერთს კეთილი ჩვენებისთვის და ამიერ ჟამითაგან კმაყოფილი იყო თავის ბედისა და სიხარული შრომობდა დღითიდღე.