ცხადია მომენატრე. ფიქრებიც ბერდებიან, უშენოდ მოწყენილი ზეციდან ჩავა მთვარე და ღმერთის განსაცდელით უმცირეს გვერდებიან ლოცვების წიგნსაც უკვე მესამედ ჩავამთავრებ.
სარკმელთან ობოლივით დამდგარა გარანტია იმის, რომ უცილობლად შენ გქვია აჩიკოსი, ეს ყველა გამოხედვაც სიტყვების მარაგია, და ასე ნაჩქარებად მომავლის ტრაგიკოსი -
გავმხდარვარ. გაიცინე, გიხდება მითუმეტეს, ამაო როდი არის ბოდიშის გულუხვობა, ჩემს ყველა გამოხედვას კარები მიუკეტე, ამ ლექსის დაწერისას მე იმას ვგულისხმობდი -
რომ მართლა მენატრები, რომ მართლა... დამიჯერე, ცრემლებში დაიხრჩობა მაგ თვალთა ირონია, სხვისთვის თუ არაფერი, ჩემთვის კი გეუბნები ჩემს გამო დაცდენილი ცრემლები მირონია.
უბრალოდ მეუღლე ხარ, ამ ბოლოს ამორძალი, დღეს რაღაც დაგვეზარა ადგომა საწოლიდან, მზე დიდი მოკრძალებით ფანჯრიდან შემომძვრალა, ახლა კი ბავშვებივით ჩვენს შორის ჩაწოლილა. |