აი, გრიგალმა გაიტაცა წითელი ლერწი
ვაზის-ბუნების!
მერი! მე ისევ მენატრება ჩუმი ალერსი
არდაბრუნების!
წყვილი ცხენები, ეტლი სწრაფი, ზრუნვა მზიანი,
რაღაც სხვაგვარი.
მოსვლა ფერების: ვერონეზი და ტიციანი
და ნიაღვარი.
ვიცნობ ბაგეებს, ვიცნობ ხელებს! ათასი მხვდება
ბაგე და ვარდი...
ნუთუ: ზეცაო, ვით მე მიყვარს შენი დიდება,
ისე გიყვარდი?