siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-04-27 - 8:19 AM    
მამა გულდასმით უსმენდა, მერე მუხლებზე დაისვამდა, ხუჭუჭა თმებში თითებს შეუცურებდა და არიგებდა: _ შენ ხომ დიდი ბიჭი ხარ, ჭკვიანი. ცოდვაა დედიკო, არ გააწვალო. ჩვენ ხომ კაცები ვართ, ორნი, ძლიერები, ის ერთია, სუსტი და ნაზი. შენ რომ გააწვალებ, გული ეტკინება და იტირებს. ხომ არ გინდა, რომ ჩვენმა კარგმა დედიკომ იტიროს? _ არა, _ ჩუმად, მამის მკერდში ჩურჩულებდა ბიჭი. _ ხომ არ გააწვალებ? _ არა, _ უფრო გაუბედავად ჩურჩულებდა ბიჭი, რადგან გულში საკუთარი თავის იმედი არ ჰქონდა. ახლა, როცა მამა უკვე კარგა ხანია აღარ არის, ჩვევა ჩვევად შემორჩა. სეირნობიდან დაბრუნებული იმ ოთახში შებაკუნდება, სადაც კედელზე მამის მომღიმარი სურათია, დატუქსულივით დგას და ჩუმად ებაასება: _ მამიკო, რა ვქნა, არ მინდოდა, მაგრამ ისევ ვიცელქე. ხომ არ გამიჯავრდები? მე დედიკო ძალიან, ძალიან მიყვარს, შენ ხომ იცი! მეტს არ ვაწყენინებ, კარგი ბიჭი ვიქნები, ხომ, მამი? სურათიდან მამის თბილი ღიმილი ეფრქვევა პატარას, ამხნევებს და თითქოს თავს უკრავს თანხმობის ნიშნად... ახლა, ფანჯრის მინაზე შუბლმიყრდნობილს, ის თბილი დღეები ახსენდება, სამსახურში მიმავალ მამას რომ გასძახოდა: _ მიყვარხარ, მამიკო, მიყვარხარ!!! ისიც ხელს დაუქნევდა და ჰაეროვან კოცნას უგზავნიდა. ახლა ვის დაუძახოს ფანჯრიდან! მისთვის ყველა უცხოა, ნაცნობი უცხო. მამასავით ვერავინჩაიხუტებს, ვერ მოეფერება, ყურებს ვერ მოუსრისავს და ულვაშებით ვერ შეუღიტინებს... მოფარფატებენ ხატულა ფანტელები. უყურებს ბიჭი და თავისი საყვარელი მულტფილმი ახსენდება _ მეგობარი თოვლის ფიფქად, წვიმის წვეთად რომ გადაიქცა. `ნეტავ, მამიკოც თოვლის ფიფქად გადაიქცეოდეს და ჩემთან ჩამოფარფატდებოდეს~, _ ნატრობს ბიჭი. მოეფერებოდა ბევრს, ბევრს, გულში ჩაიკრავდა და არსად გაუშვებდა... თავისი ნააზრევი თვითონვე მოეწონა, სახე გაუცისკროვნდა, აციმციმებული თვალები ეზოს მოაშორა, მოცეკვავე ფიფქებს მიაპყრო და თავისთვის ჩუმად აბუტბუტდა: - `მოდი, მამიკო, მალე მოდი, გელოდები! ძალიან, ძალიან მიყვარხარ!~ კარებში ახალგაზრდა ქალი იდგა, ბიჭის ბუტბუტს უსმენდა და ჩუმად ყლაპავდა ცრემლს...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<