აჰა, ჩემს ირგვლივ ყველაფერმა იცვალა ფერი.
ვარდ-ყვავილებით მოიქარგა წყაროს ნაპირი.
მზისა სხივებით აფერადდა ცისა ეთერი,
ჭალაზე მწყემსის აღუღუნდა მწუხარე სტვირი...
წყნარმა ოცნებამ არე-მარე გარემოიცვა,
შეამკო იგი ყვავილებით და მორცხვი ვნებით,
ვით მოჩვენება - გაზაფხული დაეშვა ქვეყნად,
გაასვენებენ შემდეგ ცხედარს ამ გვირგვინებით.
გავყვები კუბოს თავდახრილი და მოწყენილი,
გული არ იზამს, კვლავ სიცოცხლით რომ ავითრთოლო.
ყველა გათავდა, ყველაფერმა იცვალა ფერი,
მარტო ჩემს კვნესას განუსაზღვრელს არ უჩანს ბოლო. |