ჩუმი შრიალით ხის ფოთლები მეგებებიან,
უსიზმრო ძილში ღრმად გართულან ალვის ხეები,
მტრედისფერ ცაზე მიბნედილნი ვარსკვლავნი თრთიან,
განსასვენებლად მთებს დართხმიან ცის კიდეები.
ცხოვრების ზვირთთა დაუცხრომელ ტრიალის შემდეგ
ყრუ სასაფლაოს მომაგონებს სოფელი მთელი,
სადაც სულდგმულნი არ იძვრიან გრძნეულ ძილიდან,
მყუდროება და სიმშვიდეა დაურღვეველი.
ბუნებავ ტკბილო! ვურიგდები ჩემს ამნაირ ხვედრს,
შენ შეითვისე და შეიტკბე მწუხარე შვილი:
უთხარი ნანა, როგორც დედა ეტყვის თავის შვილს
და მოასვენე შენს გულმკერდზე ღონე-მიხდილი.
რომ მარტოობის დამთრგუნველ და დამღუპველ ჟამად
ჩემს სულს იდუმალ და შეუმჩნევ სიამეს ჰგვრიდე.
განსაცდელშია დამსხვრეული და ცივი სული,
მიუალერსე ავადმყოფ გულს და დაამშვიდე! |